ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია სომხეთში. იგი დაარსდა 1919 წელს და დღესდღეობით, სამხრეთ კავკასიის საუკეთესო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორისაა. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცდილობს უზრუნველყოს არა მარტო მაღალი ხარისხის განათლება, არამედ კვლევების საშუალებით ხელი შეუწყოს ინოვაციურ ინიციატივებს.
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს წამყვანი პოზიცია უკავია სომხეთში საუნივერსიტეტო განათლების რეფორმების განხორციელებაში. ეს ეხება ადმინისტრირების, მენეგმენტის, კურიკულუმის განვითარებას, ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღებას, რომელიც ესადაგება ENQA სტანდარდებს. უნივერსიტეტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია განათლების ინტერნაციონალიზაცია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ერთობლივი სადიპლომო პროგრამები, აკადემიური გაცვლითი პროგრამები და სამეცნიერო თანამშრომლობა.
უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს დაახლოებით 60 სხვადასხვა საბაკალავრო და 110 სამაგისტრო პროგრამას. ამჟამად უნივერსიტეტს 17500 – ზე მეტი სტუდენტი ჰყავს 19 ფაკულტეტზე, 2 ინსტიტუტში და ქ. იჯევანის ფილიალში. საგანმანათლებლო პროცესს უძღვება 1250-ზე მეტი კვალიფიცირებული ექსპერტი (დაახლოებით 210 პროფესორი, 570 ასოცირებული პროფესორი, 230 ასისტენტი და 260 ლექტორი). დაახლოებით 240 ლექტორს აქვს დოქტორის ხარისხი და 40-ზე მეტი არის სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (სრული წევრი).